რა არის ჩუტყვავილა?
    განათლება
    პაციენტებისთვის

    რა არის ჩუტყვავილა?

    ავტორი: ნინო ქასრაშვილი. პედიატრი.

    1. რა არის ჩუტყვავილა? ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციაა, რომელიც იწვევს ცხელებას და გამონაყარს მთელ სხეულზე ძლიერი ქავილით. განვითარებულ ქვეყნებში ჩუტყვავილა ადრე ბევრად უფრო გავრცელებული იყო, ვიდრე ახლა. დღეს არსებობს ვაქცინა, რომელიც ეხმარება ადამიანებს ინფიცირებისგან. ვაქცინა გამოდის ინექციის სახით და მას "ჩუტყვავილას ვაქცინას" უწოდებენ. 2. რა არის ჩუტყვავილას ნიშნები და სიმპტომები? ჩუტყვავილა ხშირად იწყება კლასიკური გამონაყარის გარეშე, ცხელებით, თავის ტკივილით, ყელის ან მუცლის ტკივილით. ეს სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში, ცხელება ძირითადად 38,3°-38,8°C დიაპაზონში. წითელი გამონაყრის ელემენტები ქავილით თავდაპირველად ჩნდება მუცელზე ან ზურგზე და სახეზე. შემდეგ ის ვრცელდება თითქმის მთელ სხეულზე - მათ შორის სკალპზე, პირის ღრუში, ზედა და ქვედა კიდურებზე, სასქესო ორგანოებზე. გამონაყარი ჩნდება წითელი ლაქების ან მუწუკების სახით, რომლებიც ჰგავს მწერის ნაკბენს. ისინი ტალღებად ჩნდებიან 2-4 დღის განმავლობაში, შემდეგ გადაიქცევიან სითხით სავსე თხელკედლიან ბუშტუკებად. დროთა განმავლობაში ბუშტუკების კედლები იშლება, ტოვებს ღია წყლულებს, რომლებიც საბოლოოდ იშლება და ხდება მშრალი, ყავისფერი ნაწიბურები. ჩუტყვავილას გამონაყარის სამივე ეტაპი (წითელი მუწუკები, ბუშტუკები და ნაწიბურები) ერთდროულად გვხვდება სხეულზე. გამონაყარი შეიძლება უფრო ფართოდ გავრცელდეს და მიმდინარეობდეს უფრო მძიმედ იმ ბავშვებში, რომელთაც აქვთ სუსტი იმუნური სისტემა ან კანის დაავადებები, როგორიცაა ეგზემა. 3. რა იწვევს ჩუტყვავილას? ჩუტყვავილას იწვევს ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი (VZV). ეს ვირუსი ასევე იწვევს მტკივნეულ გამონაყარს კანზე, რომელსაც ეწოდება ზოსტერი (ჰერპეს ზოსტერი). ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ, ვირუსი რჩება ნერვულ სისტემაში „მიძინებულ“ მდგომარეობაში სიცოცხლის ბოლომდე. ვირუსი შეიძლება ხელახლა გააქტიურდეს („გაიღვიძოს“) მოგვიანებით და გამოვლინდეს როგორც ჰერპეს ზოსტერი. ბავშვებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ჩუტყვავილას საწინააღმდეგო იმუნიზაცია, გაცილებით ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ზრდასრულ ასაკში განუვითარდებათ ზოსტერი. 4. არის თუ არა ჩუტყვავილა გადამდები? ჩუტყვავილა ძალიან კონტაგიოზურია. თუკი დედმამიშვილებიდან ერთი მაინც დაინფიცირდება ჩუტყვავილათი, დანარჩენ და/ძმას სიმპტომები შეიძლება გამოუვლინდეს 2 კვირის შემდეგაც კი (გამონაკლისს წარმოადგენს უკვე დაავადება გადატანილი ან ვაქცინირებული პირები). ჩუტყვავილას გავრცელების გზები: ჰაერ-წვეთოვანი - ხველების ან ცემინების გზით (ვირუსი გამოიყოფა ლორწოთი, ნერწყვით) ან კონტაქტური (ბუშტუკების სითხიდან). ჩუტყვავილა გადამდებია გამონაყრის დაწყებამდე დაახლოებით 2 დღით ადრე მანამ, სანამ ყველა ბუშტუკები ფუფხით არ დაიფარება. იმის გამო, რომ ჩუტყვავილა მაღალი კონტაგიოზურობით გამოირჩევა, ინფიცირებული ბავშვი უნდა დარჩეს სახლში და დაისვენოს, სანამ გამონაყარი არ გაქრება და ბუშტუკები არ გაშრება. ამას ჩვეულებრივ დაახლოებით 1 კვირა სჭირდება. თუ არ ხართ დარწმუნებული, მზად არის თუ არა თქვენი შვილი სკოლაში ან ბაღში დასაბრუნებლად, ჰკითხეთ ექიმს. ჩუტყვავილას გართულებების მქონე რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან: • ორსული ქალები • ახალშობილები, რომელთა დედებს ჰქონდათ ჩუტყვავილა • ლეიკემიით დაავადებული პაციენტები • ბავშვები, რომლებიც იღებენ იმუნოსუპრესორებს. • ვისაც აქვს იმუნური სისტემის პრობლემები - ასეთ შემთხვევაში ექიმები ნიშნავენ მედიკამენტს (ზოსტერ იმუნოგლობულინს), რათა დაავადება ნაკლებად მძიმედ მიმდინარეობდეს. დაურეკეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს აქვს ჩუტყვავილა. ექიმს შეუძლია გაგიწიოთ კონსულტაცია პრობლემებზე და გირჩიოთ მედიკამენტები ქავილის შესამსუბუქებლად. თუ თქვენს შვილს ექიმთან მიიყვანთ, წინასწარ აცნობეთ პერსონალს, რომ თქვენს შვილს შესაძლოა ჰქონდეს ჩუტყვავილა. ვინაიდან არ დაინფიცირდენენ კლინიკაში მყოფი სხვა პაციენტები, რადგანაც ზოგიერთი მათგანისათვის ჩუტყვავილას ინფექციამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. 5. როგორ მკურნალობენ ჩუტყვავილას? გამომწვევი ვირუსია, ამიტომ ანტიბიოტიკოთერაპია უეფექტოა. ანტიბიოტიკთერაპიის ჩვენებაა, თუ დაავადება მეორადად გართულდა ბაქტერიული ინფექციით (მაგ; კანზე არსებული წყლულები დაინფიცირდა - ეს ხდება მაშინ, როცა ბავშვები აღიზიანებენ ბუშტუკებს - ნაკაწრები ქავილის შედეგად). ანტივირუსულ საშუალებები ჩუტყვავილას მქონე ადამიანებისთვის ინიშნება მაშინ, თუ მათ აქვთ გართულების მაღალი რისკი. გასათვალისწინებელია: • ადამიანის ასაკი და ჯანმრთელობა • ინფექციის მასშტაბი • მკურნალობის დაწყების დრო (ანტივირუსული მკურნალობა ეფექტურია სიმპტომების გამოვლენიდან 48სთ-ში). შესაძლებელია თუ არა ჩუტყვავილას პრევენცია? დიახ! ადამიანების უმეტესობას, ვინც ვაქცინირებულია ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინით, არ შეხვდება ჩუტყვავილა; და თუ მაინც დაავადდებიან ჩუტყვავილათი, გადაიტანენ მსუბუქ ფორმებში. რეკომენდირებულია ჩუტყვავილას ვაქცინაცია შემდეგნაირად: • პირველი დოზა 12-15 თვის ასაკში • ბუსტერი დოზა 4-6 წლის ასაკში • 6 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებს, რომლებსაც არ გადაუტანიათ ჩუტყვავილა და არ არიან ვაქცინირებულები, უნდა აიცრან ვაქცინის ორი დოზით. ჩუტვავილას გადატანის შემდგომ ვაქცინაციის ჩატარება არამიზანშეწონილია, ვინაიდან ყალიბდება მყარი იმუნიტეტი მთელი სიცოცხლის მანძილზე. მოზრდილები უნდა აიცრათ, განსაკუთრებით თუ: • მუშაობთ ჯანდაცვის სფეროში ან მცირეწლოვან ბავშვებთან • მჭიდრო კავშირში ხართ იმ ადამიანებთან, რომლებსაც უჭირთ ინფექციებთან ბრძოლა, როგორიცაა კიბო ან აივ-ით დაავადებული ადამიანები • ცხოვრობთ ან მუშაობთ კოლეჯში, ციხეში ან სხვა ადგილას, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს ერთმანეთთან ახლოს • გეგმავთ ორსულობას როგორ დავეხმაროთ შვილებს, რომ თავი უკეთ იგრძნონ? ჩუტყვავილას ქავილის და დისკომფორტის შესამსუბუქებლად: გამოიყენეთ გრილი სველი კომპრესები ან მიიღეთ აბაზანა თბილ წყალში ყოველ 3-4 საათში პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. შვრიის დასაბანი საშუალებები, რომლებიც ხელმისაწვდომია სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში, დაგეხმარებათ ქავილის შემსუბუქებაში. (დაბანით არ გავრცელდება გამონაყარი) ნაზად გააშრეთ სხეული (არ გაიმშრალოთ უხეშად) წაისვით კალამინის ლოსიონი ქავილის ადგილებზე (მაგრამ არ გამოიყენოთ იგი სახეზე, განსაკუთრებით თვალებთან). ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ტკივილგამაყუჩებელი კრემების შესახებ, რომლებიც გამოიყენება სასქესო ორგანოების წყლულებზე. ჰკითხეთ ექიმს ქავილის დროს დასალევი მედიკამენტების გამოყენების შესახებ. ნაკაწრების თავიდან ასაცილებლად: ჩააცვით ხელთათმანები თქვენს შვილს, რათა თავიდან აიცილოთ ნაკაწრები ძილის დროს. დააჭერით ფრჩხილები, ხშირად დაბანეთ ხელები. თუ თქვენს შვილს აქვს ბუშტუკები პირის ღრუში: მიეცით ცივი, რბილი, ნაზი საკვები, რადგან ამ დროს გაძნელებულია დალევა და ჭამა. მოერიდეთ მჟავე ან მარილიან ნივთებს, როგორიცაა ფორთოხლის წვენი. მიეცით თქვენს შვილს აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) ტკივილის შესამსუბუქებლად. არასოდეს მისცეთ ასპირინი ჩუტყვავილას მქონე ბავშვებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადება, რომელსაც რეის სინდრომი ეწოდება. 6. როდის უნდა დავურეკოთ ექიმს? ჩუტყვავილას ინფექციების უმეტესობას არ სჭირდება სპეციალური მკურნალობა. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გართულებები. მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს: • აქვს ცხელება, რომელიც გრძელდება 4 დღეზე მეტ ხანს • აქვს ძლიერი ხველა ან სუნთქვის გაძნელება • აქვს გამონაყრის არეები, საიდანაც გადმოდის ჩირქი (სქელი, მოყვითალო სითხე) ან ხდება წითელი, თბილი, შეშუპებული და მტკივნეული • აქვს ძლიერი თავის ტკივილი • ძილიანია და უჭირს კონტქტში შემოსვლა • უჭირს კაშკაშა განათების ყურება • უჭირს სიარული • აქვს ღებინება • გამოიყურება ავადმყოფურად • აღენიშნება კისრის გაშეშება